არჩევნები

არჩევნების გაშუქება, მედიისა და ახალგაზრდების ჩართვა არჩევნების გაშუქებაში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2007 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა (CSS), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან პარტნიორობით, შექმნა რეგიონული ჟურნალისტების ქსელი არჩევნების კოორდინირებული გაშუქებისთვის. პროექტის უმთავრესი მიზანი იყო მოქალაქეების მომზადება ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად. პროექტის ფარგლებში შექმნილი ქსელის მეშვეობით, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს 12 ქალაქში კოორდინირებულად გაშუქდა, რაც ამგვარი კომპლექსური გაშუქების პირველი შემთხვევა იყო ქართული მედიისთვის. გამოიკვეთა საერთო ტენდენციები როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით. არჩევნების პროფესიულად გაშუქებისთვის მომზადდა 20 ჟურნალისტი თბილისსა და რეგიონებში. შეიქმნა არჩევნების გაშუქების სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის.

დედაქალაქისა და რეგიონის მედიასთან მუშაობა ინფორმირებული არჩევანისთვის მოქალაქეთა მოსამზადებლად, ისევე, როგორც არჩევნების კოორდინირებული გაშუქება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2009 წელსაც გააგრძელა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გააშუქა მოქალაქეების ჩართვით, მოქალაქე ჟურნალისტის ინსტრუმენტის გამოყენებით, რაც აგრეთვე ინოვაციური მიდგომა იყო საქართველოს რეალობაში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გაეროს დემოკრატიული ფონდის მხარდაჭერით (UNDEF) განახორციელა ორწლიანი პროექტი, რომლის მიზანი იყო მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტების თანამშრომლობა. პროექტის ფარგლებში ჩვენმა ორგანიზაციამ ითანამშრომლა საქართველოს 10 ქალაქის 1320 მოქალაქესთან და 20 ჟურნალისტთან. შეიქმნა 60 სტატია და 2 დოკუმენტური ფილმი, რომლებმაც, მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ მრავალრიცხოვან მასალებთან ერთად, მკაფიო სურათი შექმნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მხარდამჭერი იყო ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. პროექტის ფარგლებში, ჩვენმა ორგანიზაციამ ითანამშრომლა ახალგაზრდებთან საქართველოს 5 საუნივერსიტეტო ქალაქში. არჩევნების წინა პერიოდში ახალგაზრდებმა შექმნეს ვიდეორგოლები მათ ქალაქებში არსებული ხარვეზიანი გარემოს შესახებ. შემდეგ ეს ხარვეზები ახალგაზრდებმა განიხილეს მერობის კანდიდატებთან ერთად. არჩევნების შემდეგ კი ქალაქის არჩეულმა მერებმა ამ ახალგაზრდებთან თანამშრომლობით და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ფასილიტაციით შექმნეს სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო, რომელიც წარმატებით საქმიანობს არჩევნების შემდგომ პერიოდში.

არჩევნებთან დაკავშირებით სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მთავარ მიღწევად მიგვაჩნია:

  • 1.ჟურნალისტების ქსელის შექმნა/მომზადება და არჩევნების კოორდინირებული გაშუქება 12 ქალაქში;
  • 2.„მოქალაქე ჟურნალისტის“ ინსტრუმენტის ამოქმედება;
  • 3.მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტების თანამშრომლობა არჩევნების გაშუქებისთვის;
  • 4.არჩეული მერებისა და ახალგაზრდების სისტემური თანამშრომლობა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების პროცესში.