« უკან – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ერთობლივი განცხადება

ამოსაბეჭდი ვერსია
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ერთობლივი განცხადება

სახელმძღვანელოების გრიფირების არსებული პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული ბუნდოვანი საკითხები მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს არა მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემის, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ბოლო ხანებში, დეკლარირებული დეცენტრალიზაციისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის მხარდაჭერისათვის მზაობის მიუხედავად, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლენილმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არსებული სისტემა უკიდურესად ცენტრალიზებული და ხისტია. გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება სხვადასხვა დონის საკითხებზე ექსკლუზიურად ეკუთვნის სამინისტროსა და მისი ნდობით აღჭურვილ ჯგუფებსა და ინდივიდებს. დაბალია საზოგადოების მონაწილეობა, არა მხოლოდ ცვლილებების შემუშავების, არამედ საგანმანათლებლო სერვისებისა და პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვის პროცესშიც.

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია გრიფირებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნათელი პოზიცია. საკითხი უკავშირდება როგორც გარვეული წრეების სავარაუდო კერძო და ფინანსურ ინტერესებს, აგრეთვე სკოლებში ინოვაციური სახელმძღვანელოების შეღწევისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას. იგნორირებულია მასწავლებლის არჩევანი. მნიშვნელოვანია გაირკვეს და ადექვატურად შეფასდეს გრიფირების არაგამჭვირვალე პროცესის ხარვეზები. მინისტრი ბატიაშვილი, სავარაუდოდ, სრულად არ იცნობს სიტუაციას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ვითარების შესწავლა და მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი რეაგირება. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალ სასწავლო წელზე გრიფირების პროცესის ნეგატიური შედეგები გავლენას ვერ მოახდენს.

მსგავსი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია საზოგადოების მეტი მონაწილეობა და სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ღონიძიებების განხორციელება, რომლებიც შეამცირებს კორუფციასთან დაკავშირებულ რისკებს და უზრუნველყოფს ხარისხიანი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესს.

მხარს ვუჭერთ გამომცემლობებისა და სახელმძღვანელოების ავტორების სამართლიან პროტესტსა და მოთხოვნებს, და იმედს ვიტოვებთ, რომ სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად უახლოეს ვადებში გაირკვევა გრიფის მინიჭებისთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები.

იმედი გვაქვს, ამ განცხადებას მხარს სხვა ორგანიზაციებიც დაუჭერენ.