« უკან – CDI მანდატურის რეფორმის შესახებ

ამოსაბეჭდი ვერსია
CDI მანდატურის რეფორმის შესახებ

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი 2011 წლიდან მუშაობს უსაფრთხო სკოლის საკითხებზე. მომზადებულია სახელმძღვანელოები, უსაფრთხო სკოლის ალტერნატიული პოლიტიკის დოკუმენტი, ტრენინგ-პროგრამა.


2016-2017 წლებში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქარლის ორმოცდახუთმა პარტნიორმა სკოლამ განახორციელა უსაფრთხო სკოლის ინიციატივები. ინიციატივების მიზანი იყო სკოლისა და თემის თანამშრომლობის გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი უსაფრთხოების გაძლიერების მიზანით.
2010-2012 წლებში საქართველოში სკოლებში მანდატურის ინსიტუტის შემოღებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობა, სასკოლო უსაფრთხოების ფართო გაგება ჩანაცვლდა კონტროლზე ორიენტირებული უსაფრთხოების პროპაგანდით. სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები ინტენსიურ აგიტაციას ეწეოდნენ მანდატურის ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც წარმოადგენდა სკოლებზე პოლიტიკური კონტროლის ერთერთ ბერკეტს.
იგეგმება მანდატურის ინსტიტუტის რეფორმირება, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა სკოლაში კონტროლის მექანიზმების უპრეცენდენტო გაძლიერებას. დღემდე ქვეყანაში შემუშავებული არ არის სასკოლო უსაფრთხოების ერთიანი კონცეფცია. ინიციატივა ბუნდოვანი და ეკლექტურია და საფრთხეს უქმნის სკოლებში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, საზოგადოებისა და სკოლის თანამშრომლობას.
სახელმწიფო მოხელეები ხშირად საუბრობენ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, თუმცა ამ ინიციატივის განხილვაში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს მონაწილეობა არ მიუღია.
შევეცდებით პერიოდულად საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც შეეხება სკოლებზე კონტროლისა და ცენტრალიზებული მართვის გაძლიერებას, აგრეთვე საგანმანათლებლო სისტემის უპრეცენდენტო სტანდარტიზაციას.